საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსეთის ფედერაციამ გადადგა კიდევ ერთი, ძალზედ სახიფათო ნაბიჯი, მიმართული საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის განუყოფელი   ნაწილის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისათვის.

სახელდობრ, 16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით, დაიწყოს  საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი თანამშრომლობა. ამავე დავალებით, შედგა  რუსეთის მიერ ცნობადი იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებსაც გასცემენ ამ რეგიონების დე-ფაქტო ორგანოები ფიზიკური პირებისათვის; მოხდა ამ რეგიონებში რეგისტრირებული იურიდიული პირების კანონიერების აღიარება; რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებს დაევალათ თანამშრომლობა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე; რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს დაევალათ აფხაზეთში, საქართველო და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში, საქართველო, საკონსულო ფუნქციების შესრულება. დამატებით აღნიშნულისა, სამომავლოდ დაიგეგმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით დამატებითი წინადადებების განხილვა.

რუსეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებები ღიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საზღვრების ურღვევობისა და სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.

რუსეთი ცდილობს საკუთარი ქმედებების გამართლებას კონფლიქტის ზონების "მოსახლეობის, მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვით". ეს მცდელობა ძლიერ წააგავს 1930-იანი წლების ავადსახსენებელ მოვლენებს, სადაც ანალოგიური საბაბით არაერთი სუვერენული სახელმწიფო იქნა ოკუპირებული ტოტალიტარული რეჟიმების მიერ.

აღმაშფოთებელია რუსეთის გადაწყვეტილება ამ რეგიონების იურიდიული პირებისა და დოკუმენტების კანონიერების აღიარების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი ამართლებს ასიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, ვინაიდან სწორედ ამ წმენდის შედეგად შეიქმნა ის დე ფაქტო სტრუქტურები, რომელთა მიერ გაცემული დოკუმენტების კანონიერებას ცნობას იწყებს რუსეთი.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს საკონსულო ფუნქციები, არღვევს ვენის 1963 წლის "საკონსულო ურთიერთობების შესახებ კონვენციას", ხოლო გადაწყვეტილება საქართველოს ამ რეგიონებთან სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ  წარმოადგენს 1959 წლის "სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის" და დსთ-ს 1993 წლის "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლებრივ საკითხებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების  შესახებ" კონვენციის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან  ნათელია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ღია  საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს, და მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე სრულმასშტაბიანი ანექსიის პროცესის დაწყებას.

ჩვენი ღრმა რწმენით, რუსეთის ქმედება განპირობებულია სურვილით არ დაუშვას საქართველოს დაახლოება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რასაც  საქართველოს მოქალაქეთა, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მთლიანი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა  უჭერს მხარს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაერო-ს, ევროკავშირს, ეუთო-ს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს, დსთ-ს, მთლიანად საერთაშორისო თანემეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება რუსეთის მიერ წამოწყებული საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხელყოფის პროცესის შესაჩერებლად.

 

 
 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ადამიანის უფლებები

Georgia.gov.ge

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ