ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია, რომელშიც გამოხატულია საქართველოსადმი მხარდაჭერა

2016 წლის 6 ივლისს აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარის, სენატორების ბობ კორკერისა და ბენჯამინ კარდინის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღიარებულია „საზღვარგარეთ წარმოებულ ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროში გაწეული მნიშვნელოვანი ხარჯები, და ასევე საქართველოს ძალისხმევა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტები“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ნატო და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ თანამშრომლობის „არსებით პაკეტზე“ და თავდაცვის სფეროში გასატარებელ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ნატო-ს წევრებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და უსაფრთხოების სფეროში თავსებადობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად (მათ შორის, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ამოქმედების გზით, რომლის გახსნის ცერემონიალიც 2015 წელს გაიმართა).

რეზოლუციაში ცალკე მუხლი ეთმობა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად, რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

აშშ-ის სენატი რეკომენდაციას უწევს ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანას სამხედრო ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტი გამოყოს და შესაბამისი წვლილი შეიტანოს ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და რესურსების მობილიზებაში.

რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.congress.gov/…/b…/sres506/BILLS-114sres506rs.pdf

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ